ქეთი თოშხუა ელ ფი ეის პარტნიორია. ის ელ ფი ეის გუნდს შემოუერთდა 2017 წლიდან იურისტის პოზიციაზე და თანდათან დაწინაურდა კომპანიის პარტნიორის პოზიციაზე 2022 წელს. მისი პრაქტიკის არეალი მოიცავს საკორპორაციო და კომერციულ სამართალს, შრომის სამართალს, საინვესტიციო და კონკურენციის სამართლის საკითხებს, საბანკო და საფინანსო სამართალს, წარმომადგენლობას სასამართლოებში. ქეთის ასევე ფართო სამუშაო გამოცდილება აქვს ფინანსურ ტრანზაქციებსა და სამშენებლო პროექტებში, მათ შორის, კლიენტების იურიდიული დახმარება სამშენებლო-სამართლებრივ საკითხებში და ფიდიკის ხელშეკრულებებში (FIDIC ყვითელი წიგნი, წითელი წიგნი, თეთრი წიგნი).
სანამ ქეთი კომპანიას შემოუერთდებოდა, ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის მრჩეველის პოზიცია სს საქართველოს რკინიგზაში, რომელიც ერთადერთი სარკინიგზო ოპერატორია საქართველოში. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს მუშაობას მთავარი იურისტის პოზიციაზე სს საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიებში: შპს ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალები და სს ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენ, სადაც ქეთი პასუხისმგებელი იყო კომპანიის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან და სტრატეგიულ პროექტებთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ასპექტის მართვაზე.
იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ქეთი ამჟამად არის მოწვეული ლექტორი კავკასიის ბიზნეს სკოლაში, სადაც კითხულობს ლექციებს ბიზნესის სამართლის მიმართულებით ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის. 2017-2022 წლებში ქეთი იყო ასევე მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) და ასწავლიდა სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საინვესტიციო სამართალს და ანგლო-ამერიკულ სამართალს.
ქეთის მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში და ასევე, დიდ ბრიტანეთში, ნოტინგემის უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული სამართლის მიმართულებით (წარჩინებით). ქეთი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს (წარჩინებით). საბაკალავრო სწავლების ფარგლებში ქეთი სხვადასხვა დროს წარმატებით სწავლობდა ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის სამართლის მიმართულებებით, საერთაშორისო ბიზნეს სამართალს ბუცერიუსის სამართლის სკოლაში (საზაფხულო პროგრამა).
ქეთის აქტიურად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ნაციონალურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, როგორიც არის: Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot (ვენა, ავსტრია, 2014) , Phillip C. Jessup International Law Moot Court Competition (თბილისი, საქართველო, 2012), International Client Counseling Competition (თბილისი, საქართველო, 2016) და სხვ.
ქეთი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ქეთი ასევე არის აკრედიტირებული არბიტრი საქართველოში და წარმოადგენს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტირებულ წევრს, ასევე არის ახალგაზრდა საერთაშორისო არბიტრაჟის ჯგუფის წევრი (Young International Arbitration Group).
მშობლიური (ქართული) ენის გარდა, ქეთი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას და საშუალოდ -გერმანულ და რუსულ ენებს.